top of page

როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია სწავლის დროს

  • Writer: diveintoenglish
    diveintoenglish
  • Jan 22, 2020
  • 3 min read

უცხო ენის შესწავლა საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ეს არის დროში გაწელილი პროცესი და ვერცერთი მეთოდი, წიგნი თუ მასწავლებელი ამ პროცესის აჩქარებას ვერ შეძლებს, წინ დიდი გზაა და ბევრი რამის გაანალიზება, შემდეგ კი მისი პრაქტიკაში გადატანა გიწევს. დროის გასვლასთან ერთად, იკლებს მოტივაციის ტემპერატურაც რაც, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება შედეგებზე.


ამ სტატიის ინსპირაცია ხარ შენ, რომელმაც არ იცი რა მოუხერხო შენს ,,სიზარმაცეს." სინამდვილეში, სიზარმაცე არაფერ კავშირშია ამ ყველაფერთან და რამდენიმე უნარის გამომუშავება დაგეხმარება გადალახო ეს დაბრკოლება.


არ გაიქცე :)

შესასრულებელი სამუშაოსთვის თავის არიდება, კიდევ უფრო დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ სასწავლო მასალისგან შორს გაქცევა, იმის მიუხედავად თუ რამდენად დიდია ამის სურვილი, არც ისე სახარბიელო იდეაა.

gif

სწავლის რომელი მეთოდია შენთვის საინტერესო?

თუ ჯერ კიდევ აქ ხარ, დროა გაარკვიო რა ტიპის დავალებები გაგიმარტივებს სწავლის პროცესს. ყველა ჩვენგანი ცდილობს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს და თითოეული ჩვენგანი თავს არიდებს არაკომფორტულ გარემოს, მოვალეობებს და ვალდებულებებს. ინგლისური ენის შესასწავლად სხვადასხვა ტიპის მასალის გამოყენებაა შესაძლებელი - იქნება ეს ვიდეო ლექციები, ფილმები, თამაშები, უცხოელ მეგობრებთან პირდაპირი კომუნიკაცია, სატელევიზიო შოუები, ყოველდღიური ახალი ამბები. დღეს არჩევანი დიდია და ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც არასდროს. სწავლის პროცესი კი იმაზე მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო შეიძლება გახადო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თან, მსგავსი აქტივობები ძალიან დაგეხმარება მოტივაციის ამაღლებაში.

gif

სწავლის როგორი სტილია შენთვის პროდუქტიული?

ფილმების ან სატელევიზიო შოუების შერჩევის შემდეგ, შეარჩიე გარემო. ზოგს სხვა ადამიანებთან ერთად მოსწონს ფილმის ყურება და შემდეგ მისი განხილვა, ზოგი მხოლოდ მარტოობისას ახერხებს კონცენტრაციის შენარჩუნებას. მოძებნე გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და ბევრი რამის გაგებას შეძლებ.

gif

პ.ს. არ დაგავიწყდეს სუბტიტრების გამორთვა, თუ კითხვის უნარის გაუმჯობესება არ გაქვს გადაწყვეტილი :)


არასდროს დააყენო შენი შესაძლებლობები ეჭვქვეშ

ხშირად მოტივაციის დაკარგვის მთავარი მიზეზი საკუთარი თავის სხვასთან შედარებაა. თუკი ვინმემ სკოლის დამთავრებისთანავე შეძლო კემბრიჯის უნივერსიტეტში ჩაბარება, ეს არ ნიშნავს რომ, ამ შედეგის მიღწევა 40 წლის ასაკში შეუძლებელია. ნუ მოკლავ შენში მოტივაციას ყოველდღე იმის გამეორებით რომ რაღაც არ გამოგდის, ან არ გამოგივა.

gif

სირთულეები სწავლის პროცესში

რა სირთულეებს აწყდები სწავლის პროცესში და რა გიკარგავს მოტივაციას? მაგალითად ჩემთვის, დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა ე.წ. "მულტითასქერობა," რაც ბევრი საქმის ერთდროულად კეთებას გულისხმობს. ამ დროს, ერთ საკითხზე კონცენტრირება რთულია და ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღების მიღმა მრჩება.

gif

ჩემს მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ გავარკვიე, რომ ყველაზე დიდი პრობლემა დროა, რომელიც არასდროს გვაქვს საკმარისი.


როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა

მე შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემს "მრავალსაქმიანობას" აღარაფერი ეშველება, მაგრამ თუ შენი პრობლემა დროის მართვაა, გაგიზიარებ მარტივ ხერხებს, რასაც ძალიან ხშირად ვიყენებ და ვფიქრობ, სწავლის პროცესშიც ძალიან დაგეხმარება.

  • დროის მენეჯმენტი - განსაზღვრე დრო, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია მეცადინეობისთვის. გარდა ამისა, განსაზღვრე თუ რა მოცულობის მასალის სწავლას შეძლებ, ვთქვათ, 2 საათში. გამოყავი ეს დრო ყოველდღე და გახადე სწავლა შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მხოლოდ ამ გზით შეძლებ ყველა საკითხის გაანალიზებას და მასზე კონცენტრირებას. უცხო ენის სწავლის დროს, უკეთესია თუ მასთან შეხება ყოველდღიურ რეჟიმში გექნება.

  • მეცადინეობის რუტინის გაწერა - მოტივაციის შესანარჩუნებლად შეადგინე სწავლის გეგმა (ე.წ. To Do List). ჩამოწერე ყველა ის საკითხი, რის სწავლასაც აპირებ და დაიწყე მისი შესრულება. ფურცელზე გადახაზული დავალებებისგან მოგვრილ სიამაყის გრძნობას არაფერი შეედრება.

  • არ დაიმახსოვრო, გაიაზრე - არ აქვს მნიშვნელობა რას სწავლობ, ან რამდენად მარტივია ეს საკითხი შენთვის, ყოველთვის ეცადე გაანალიზო და დაუკავშირო ის აქამდე მიღებულ ცოდნას. ენა და მისი გრამატიკა არ არის იუნითებად დაყოფილი სავარჯიშოების კრებული. თითოეული გრამატიკული საკითხი ერთმანეთთან არის კავშირში და მთლიანობაში ქმნიან ერთგვარ ხერხემალს. ყოველთვის ცადე შეხედო მთლიან სურათს და ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ყველაფერი არსებითი სახელის და ზმნის ირგვლივ ტრიალებს.

  • ფანკლუბი - ხშირად რაიმეს კეთება მოსაბეზრებელი იმიტომ ხდება, რომ შენ მარტო ხარ ამ "უთანასწორო ბრძოლაში." შემოიკრიბე ის ადამიანები, ვინც ინგლისურს სწავლობენ და ერთად განიხილეთ ყველა განვლილი საკითხი. ამ გზით აღმოაჩენ სხვადასხვა მიდგომებს და ხედვებს, რაც კიდევ უფრო დაგეხმარება საკითხის გაგებაში.

  • აზარტი, როგორც მამოძრავებელი ძალა - ნებისმიერი ადამიანი გეტყვის, რომ აზარტი ცუდია. მე კი გეტყოდი, რომ აზარტი ყოველთვის კარგია, თუ ის სახლის დაკარგვის მიზეზი არ ხდება. ჩვენი მოტივაციის წყაროც, ხშირად სწორედ ის არის. თუ მას ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენებთ და ჯიუტად ვივლით მიზნისკენ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა.

Comments


+995 555 159 129

©2019 by Dive into English. Proudly created with Wix.com

bottom of page